
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საბოლოო ეტაპი დაიწყო
2026 წლის საშემოდგომო მიღების ფარგლებში , პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებულ აპლიკანტებს საბოლოო არჩევანის დაფიქსირება დღეიდან, 13 ნოემბრის ჩათვლით , განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის პლატფორმაზე - vet.ge შეუძლიათ. აპლიკანტებმა, რომლებმაც რეგისტრაციის ეტაპზე რამდენიმე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა აირჩიეს და შერჩევის შედეგად ერთზე მეტ პროგრამაზე მოიპოვეს ჩარიცხვის უფლება, აღნიშნულ პერიოდში მხოლოდ ერთი პროგრამა უნდა აირჩიონ. ის, რომელზეც სწავლის გაგრძელებას აპირებენ. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საბოლოო რეიტინგულ სიას 16 ნოემბერს გამოაქვეყნებს . პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩასარიცხად საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა რეიტინგული სიის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყება. დოკუმენტების ჩამონათვალს, წარდგენის ვადასა და ფორმას შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს. საშემოდგომო მიღების ფარგლებში ჩარიცხული აპლიკანტებისთვის სასწავლო პროცესი 1 დეკემბერს დაიწყება.